Saturday, June 18, 2016


მანანა ტურიაშვილი


რუსი მსახიობების  და „სტურუას შექსპირის“ წარმატება!


 „ET CETERA“-ს (მოსკოვის თეატრი) დასის „სტურუას შექსპირს“, თბილისელი მაყურებელი კარგად იცნობს. ერთ დროს ამ თეატრმა ჩამოიტანა შექსპირის „შაილოკი“, რამდენიმე წლის წინ „ქარიშხალი“, ხოლო ამ დღეებში რუსთაველის თეატრის სცენაზე, „შეცდომათა კომედია“ ვიხილეთ. რობერტ სტურუამ რუს მსახიობებს სამხრეთული ტემპერამენტი შთაბერა და მათ მიერ ერთი ამოსუნთქვით გათამაშებული კომედიის მხიარულება, იმ შამპანურის ჭავლში ლიცლიცებდა, რომელიც მაყურებელთა დარბაზს მსუბუქი ტალღებივით გადაუფრენდა. საინტერესო, თავბრუდამხვევ სიტუაციებში აღმოჩენილი პერსონაჟები, გვესაუბრებოდნენ მშფოთვარე სამყაროზე, სადაც „სტურუას შექსპირი“ მაცდური ღიმილით, ნელ-ნელა გიპყრობდათ და დაგაფიქრებდათ.

ბატონო რობერტ, ვუყურებდი სპექტაკლს და „შეცდომათა კომედიის“ ჩახლართული ურთიერთობების ისეთი მოულოდნელი, ლოგიკაზე აწყობილი ფსიქოლოგიური სვლები დავინახე, რომ ამან მომნუსხა. ამასთან მძივივით აკინძულ ცოცხალ ეპიზოდებში როგორ იბადებოდა იუმორი, ირონიაც... რა კარგად ითამაშეს მსახიობებმა, გაოცებული ვუყურებდი...

რობერტ სტურუა: ორი დღე გაუთავებელი რეპეტიციები მქონდა, თითქოს უმნიშვნელო რაღაცები შევასწორე, მაგრამ მსახიობების თამაშმა, მეც გამაკვირვა. მოსკოვში ასე არ თამაშობენ. იქ უფრო მდორედ, უფრო ყოფითად, აქ რაღაც მოუვიდათ...

თქვენი დასახული ამოცანები უნდა  გაეცოცხლებინათ, ეს ურთიერთობები ახლა ხომ არ დაგიმუშავებიათ?

ის სკოლა, რომელიც მათ აქვთ გავლილი, აცოცხლებს ამ  პირობით სპექტაკლს და საერთოდ პირობითობას.



მე გამაოცა ქალისა და მამაკაცის ურთიერთობების ამოხსნის სიზუსტემ და იუმორმა... მერე სპექტაკლი არ გიშვებდა, სულ ჩართული იყავი. შარშან, თბილისის ერთ-ერთ თეატრში, დადგეს ეს პიესა, მაგრამ ვერ გავიგე, ქაოსური იყო. მერე ვფიქრობდი: იქნებ ეს კომედია დასადგმელად რთულია, მაგრამ დღეს მივხვდი, რომ თუ ოსტატი მუშაობს, ამ ნაწარმოების გაცოცხლება შესაძლებელია.

ნიკოლოზ ჰაინე-მშველიძე: არაჩვეულებრივად ითამაშეს, ბატონო რობერტ!

რობერტ სტურუა: გავოგნდი, ისე ითამაშეს...

ბატონო რობერტ, როგორც ყოველთვის, ლიტერატურულად თქვენ დაამუშავეთ და რაღაცები ჩაამატეთ?

ტექსტი არ შემიცვლია. უბრალოდ, დიალოგი „დროზე“ ცოტა შევამცირე და უფრო ნათელი გავხადე.

მსახიობი ანჟელა ბელიანსკაია: სტურუასთან მუშაობაზე ნებისმიერი არტისტი ოცნებობს. ჩრდილოეთის ხალხს განსხვავებული ტემპერამენტი გვაქვს და ცხადად ვგრძნობდით, რომ რეჟისორს სჭირდებოდა უფრო ფართო, სწრაფი, მკვეთრი, სამხრეთული გადასვლები. შექსპირი, სტურუა, ჩვენი როლები - ეს ყველაფერი ერთად საინტერესო იყო.


რუსეთის სახალხო არტისტი, ლუდმილა დმიტრიევა: მე „შაილოკში“ („ვენეციელი ვაჭარი“) ვთამაშობდი და აქაც ვმონაწილეობ, ვალოდია სტურუას სამ სპექტაკლში თამაშობს. ასე რომ, ჩვენ უკვე ვიცოდით არტისტებთან მისი მუშაობის მეთოდი და ამ სიმბიოზმა  ნაყოფი გამოიღო. სტურუასთან ურთიერთობა, იმ ანკარა წყლის დაწაფებას ჰგავს, რომელიც განგწმენდს და  როცა მას ბოლომდე მიჰყვები, იქ უკვე ფანტაზია ფრთებს შლის... ის თავისუფლად პოულობს საერთო ენას მსახიობებთან და შემოქმედებისთვის ყველა გახსნილია.

რით განსხვავდება მოსკოველი მაყურებელი, თბილისელისაგან?

იუმორის შეგრძნებით, რეჟისორის სულის გაგებით. მოსკოველ მაყურებელში, ჩრდილოეთისთვის დამახასიათებელი გონი მძლავრობს - ესეც კარგია, მაგრამ მათ სიმსუბუქე აკლიათ, მათ თითქოს ნათლად არ ესმით რობიკოს იუმორი, რომლის გარეშე მას არ შეუძლია და სწორედ მისი ეს თვისება მომწონს. მისი ფანტასმაგორია, ზოგი არტისტისთვის რთული იყო, მაგრამ მაინც ძალიან საინტერესო. ჩვენ შეგვიყვარდა რობიკო და მასაც შევუყვარდით.  რამდენიმე წლის წინ მოსკოველმა მაყურებელმა ჩვენი „შაილოკი“ ვერ გაიგო და როცა აქ ჩამოვიტანეთ, ქართველებმა უცებ მიიღეს და მისი სიღრმე ნათლად დაინახეს. ეს იყო ზეიმი, ფანტასტიკა!..

მოსკოველი მსახიობი როგორ ცხოვრობს?

რუსეთის დამსახურებული არტისტი, ვლადიმირ სკვორცოვი: კარგად თუ ცუდად - ამას მეკითხებით?.. როცა ასეთი დიდი ადამიანები ჩამოდიან, რასაკვირველია ბედნიერები ვართ.

რას ნიშნავს - მსახიობი თამაშობს შექსპირს?



ლუდმილა დმიტრიევა: ეს სკოლაა...

ანჟელა ბელიანსკაია: შექსპირის უხვ-სიტყვიანი ტექსტიდან დაწყებული, მისეული სიბრძნით დამთავრებული, ყველაფერი საინტერესოა. უნდა შეისწავლო ეს ავტორი და რეჟისორი გეხმარება წახვიდე იმ გზაზე, რომელიც არტისტს განწმენდს, აამაღლებს. რეპეტიციის პროცესში უფრო ჭკვიანი ხდები, უფრო ინტელექტუალური და სულიერად ჯანსაღი. ეს საოცარი შეგრძნებაა!..


ვლადიმირ სკვორცოვი: რობერტ სტურუას სპექტაკლში თამაშზე, მთელი ცხოვრება ვოცნებობდი და მითუმეტეს, მისეულ შექსპირში. მე ვიცოდი, რომ ის იყო დიდი რეჟისორი და მან დადგა არაჩვეულებრივი სპექტაკლები, მაგრამ როცა მე ვითამაშე მის მიერ დადგმულ „შაილოკში“, „ქარიშხალში“ და „შეცდომათა კომედიაში“, ჩემთვის ეს იყო ხელოვნებასთან ზიარება. მასთან მუშაობის პროცესი, უბედნიერეს სიზმარს ჰგავს და იცით რა არის სტურუას რეპეტიციების განსაკუთრებულობა?.. შედეგზე უფრო, მნიშვნელოვანია მუშაობის პროცესი. რეპეტიციები გვაქვს დილით, მერე საღამოს და ამ რეპეტიციებზე ბედნიერები მივდივართ. ხშირად ვსაუბრობთ, განვიხილავთ გეგმებს.  სტურუასთან ურთიერთობა არაჩვეულებრივია... ყველას შეუძლია თავისი აზრის შეთავაზება, ცხვრები კი არ ვართ, და ის, როგორც უდიდესი ოსტატი, ირჩევს და მერე სპექტაკლს უქვემდებარებს. რაც მთავრია, გვენდობა და ჩვენც მის სიყვარულს ვგრძნობთ.

ესე იგი, საქართველო რობერტ სტურუამ გაგაცნოთ...



რასაკვირველია! მან თავისი სულის ნაწილი გვაჩუქა და ეს უკვე ნათესაურ კავშირს ჰგავს.